საწვავის იმპორტიორები ისევ მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რაც მიუღებელია – ღარიბაშვილი

საწვავის იმპორტიორები ისევ მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რაც მიუღებელია – ღარიბაშვილი

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულების პარალელურად, სამინისტროების მიერ უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში საწვავის ფასებს შეისწავლის.

ღარიბაშვილის განმარტებით, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაიაფების მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ისევ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზოგ შემთხვევაში კი ლიტრ ბენზინზე მოგების მარჟა ლარსაც აღწევს.

„ჩვენი ჩარევის შედეგად, გარკვეულწილად, დარეგულირდა და შემცირდა ნავთობის ფასები, მაგრამ დეკემბრის მონაცემებს ვაკვირდები და ვხედავ, რომ აქ ისევ არის მაღალი მარჟები, ნავთობის იმპორტიორები ისევ მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რაც მიუღებელია.

მინისტრებო, თქვენ უნდა დაიბაროთ ნავთობის იმპორტიორები და უნდა შევძლოთ გონივრულ ზღვრამდე ფასების ჩამოწევა. არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-თეთრიანი, თითქმის ლარამდე ფასნამატი.

იმედი მაქვს, ჩვენს პოზიციას და მოწოდებას [იმპორტიორები] ანგარიშს გაუწევენ. აუცილებელია, ამ საკითხის დარეგულირება მაქსიმალურად მოკლე დროში – ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია.

თქვენ გახსოვთ, რომ წამლების საკითხზეც იმპორტიორების მხრიდან წინააღმდეგობა იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან მარტივად შევძელით ამ საკითხის მოგვარება, ამიტომ მჯერა, რომ იმპორტიორები გაითვალისწინებენ ჩვენი ხალხის ვითარებას და დაიწყებენ საწვავის ფასების შემცირებას – ეს არის ჩვენი მოლოდინი, რაზეც გვაქვს დიდი იმედი. ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ჩაერთვებიან ამ საკითხში აქტიურად, შექმნიან სამუშაო ჯგუფს. ამ საკითხს სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და ყურადღება, რომ ვინმეს გარკვეული ცდუნება არ გაუჩნდეს. ადრე იყო ბევრი საუბარი, რომ ლარის კურსი იყო ძალიან მაღალი, 3,3-ზე, 3,4-ზე და ამიტომ ვერ ახერხებდნენ ფასების დაწევას. ჩვენი მუშაობის შედეგად ეროვნული ვალუტა არის დასტაბილურებული 2,60,ზე, 2,65-ზე არის ჩამოსული თითქმის და ამ ადამიანებმა ფასები იგივე ნიშნულზე შეინარჩუნეს, რაც არასწორია, მარტივად და კორექტულად რომ ვთქვათ. ამიტომ, ამ საკითხს სჭირდება აქტიური მუშაობა და დარეგულირება. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე წარმოადგენთ თქვენს ხედვას და გამოსავალს“, – განაცხადა პრემიერმა.

ამჟამად საერთაშორისო ბირჟაზე ბარელი Brent-ის ფასი 80 დოლარს შეადგენს; ხოლო რუსული Urals-ის ფასი 54 დოლარის ფარგლებშია. საქართველოში ძირითადად რუსული ნავთობი შემოდის, რომლის ფასიც ერთწლიან ჭრილში 44%-ითაა შემცირებული.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ბრენდირებულ ქსელებში ლიტრი რეგულარის ფასი 2.70 – 2.85 ლარის ფარგლებში მერყეობს; ხოლო ლიტრი დიზელის შეძენა საქართველოში დაახლოებით 3.75 ლარადაა შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…